ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ეროვნული საბიუჯეტო დეფიციტის ამოვსებას "მეგობარი" ქვეყნების დახმარებით გეგმავს.
დაზვერვის ინფორმაციით, 28 მარტს რუსეთის პრემიერმინისტრმა მიხეილ მიშუსტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ეროვნული ვალის ობლიგაციების უცხოურ ვალუტაში განთავსების გეგმაზე მუშაობს.
ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი "მეგობრული" უცხო ქვეყნებისგან გარე ფინანსურ დახმარებას ელის.
"მას შემდეგ, რაც [გეგმაზე] მუშაობა დასრულდება სხვა ქვეყნების ინვესტორებს შეეძლებათ, რუსული ეროვნული ვალი შეისყიდონ და შესაბამისად, დააფინანსონ რუსეთის სამომავლო საბიუჯეტო დეფიციტები. ამგვარი ინვესტორები არაპირდაპირ დააფინანსებენ უკრაინაში რუსეთის შეჭრას" - აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
მათი თქმით, ბოლო თვეებში რუსეთის სახელმწიფო ვალს თავად რუსული ბანკები აფინანსებდნენ. თუმცა, ბრიტანეთის აზრით, ისინი სავარაუდოდ ვერ შეძლებენ, სრულად დაფარონ მომავალში მოსალოდნელი საბიუჯეტო დეფიციტები.
"რუსეთის ხელისუფლება, საგარეო ვალის აღებას ხედავს რუსეთის ფინანსებში ხვრელების ამოვსების ერთ-ერთ გზად იმ ფონზე, როცა ისინი უკრაინაში ხანგრძლივ ომს გეგმავენ. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, შესაბამისი ზომების დანერგვას რუსეთი წარმატებით მოახერხებს თუ არა“ - წერია განცხადებაში.